ოქროს საქართველო
17/01/2012

სტატია სახელწოდებით ,,ოქროს საქართველო“ დაიბეჭდა გაზეთ ,,კორიერე დელა სერას“ 2011 წლის დეკემბრის ნომერში. ავტორი: ლაურეტა კოლონელი, თარგმნა: ირაკლი თაბორიძემ.


 

ანტიკური საგანძური – საქართველოს ეროვნული მუზეუმის 185 ექსპონატი რომის ტრაიანეს ბაზრებშია წარმოდგენილი. ქრისტეს შობამდე III ათასწლეულიდან IV საუკუნემდე პერიოდით დათარიღებული ძვირფასი ყელსაბამები, ბეჭდები, საყურეები, ქინძისთავები, საკიდები და დიადემები კოლხიდის მიწის კუთვნილებაა, ხოლო სამარხების მორთულობა თრიალეთის საიდუმლოებით მოცული კულტურისა.

საქართველოს მაღალმთიან რეგიონში ოქროს მტვრით მდიდარი ნაკადულებია, საიდანაც ოქროს მტვერსა და ნაწილაკებს იქაური მაცხოვრებლები წყალში ცხვრის ტყავის ჩაფენით მოიპოვებენ. ამ რეგიონს კოლხეთი ქვია. ოქროს მოპოვების ხსენებულმა მეთოდმა, რომელიც ქრისტეს შობიდან II საუკუნეში ჯერ კიდევ აპიანე ალექსანდრიელს და სხვა ბერძენ თუ რომაელ ავტორებს აქვთ აღწერილი, ამ ქვეყანაში ჩვენს დრომდე მოაღწია. აპიანე ვარაუდობდა, რომ ,,ლეგენდარული მეფის, აიეტის სახელგანთქმული ოქროს საწმისიც ასე იყო შექმნილი”. ცნობილი საწმისი, რომელმაც არგონავტების მითს და საკუთარი შვილების მკვლელ მედეას ტრაგიკულ ფიგურას დაუდო სათავე, კოლხეთში ანუ საქართველოს დასავლეთ ნაწილში ინახებოდა. საქართველო ის უძველესი კულტურის ქვეყანაა, რომელიც საბჭოთა იმპერიის მიერ მისი შთანთქმის შედეგად, ათეული წლების მანძილზე მივიწყებული გახლდათ. როგორც საქართველოს კულტურის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ გამოფენის გახსნაზე ვრცლად განმარტა, ტრაიანეს ბაზრებში 5 თებერვლამდე მიმდინარე გამოფენა, იძლევა იმედს, რომ იგი გარკვეულწილად იმ სავიზიტო ბარათის როლს შეასრულებს, რომელიც მის ქვეყანას ,,დიდ და ერთიან ევროპულ ოჯახთან” ხელახლა დაახლოვებს.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ბერძნულ-რომაულ ცივილიზაციასთან ყოველთვის უაღრესად მჭიდროდ იყო დაკავშირებული. Aამას ადასტურებს არაერთი ავტორი, ვინც კოლხეთსა და იბერიას (აღმოსავლეთ საქართველო) ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე პირველ ათასწლეულში გაეცნო. 2002 წელს კი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, დმანისის აკროპოლისში აღმოჩნდა უძველესი ბინადრის ძვლები, რომელსაც ,,ჰომო გეორგიკუსი“ ეწოდა და რომელიც ევროპის ტერიტორიაზე აქამდე აღმოჩენილ ჰომინიდის სახეობაში უძველესად იქნა მიჩნეული; იგი ამ ტერიტორიაზე მილიონ რვაასი ათასი წლის წინ სახლობდა. გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა მოგვითხრობს კულტურაზე, რომელიც თავის განვითარებას ნაწილობრივ პალეოლითის ხანაში იწყებს და ნეოლითსა და ბრინჯაოს ხანაშიც სახეზეა. მიკვლეულია ვაზისა და ხორბლის კულტივაციის უძველესი ნიმუშები, რაც შეეხება ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში შექმნილ ქართულ დამწრლობას, იგი დღესაც გამოიყენება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ოქროს, სპილენძისა და რკინის მოპოვებისა და დამუშავების უხსოვარი ერა, რომელიც წარმოდგენილია გამოფენაზე: ,,ოქროს საწმისი. საქართველოს ანტიკური საგანძური“. ეს გამოფენა აბრეშუმის გზის კულტურის საერთაშორისო ბიენალეს ფარგლებში ტარდება და საქართველოს ეროვნული მუზეუმის 185 გამორჩეულ ექსპონატის მონახულების საშუალებას გვაძლევს, რომლებიც ქრისტეს შობამდე მესამე ათასწლეულიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნემდე პერიოდს მოიცავენ. ამ ექსპოზიციის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მიუხედავად მისი ძირითადი ნაწილის მალიბუში, კემბრიჯში, ნიუ იორკსა და ბერლინში წარმოდგენისა, მას რომში გამოფენისთვის შეემატა ექსპონატები, რომლებიც საქართველოს გარეთ ამ ბრწყინვალე მარშრუტში პირველად აღმოჩნდა. უსუფთავესი ოქროთი ნაკეთი და ნახევრადძვირფასი ქვებით მოჭედილი ყელსაბამების, ბეჭდების, საყურეების, ქინძისთავების, საკიდებისა და დიადემებისაგან შემდგარი ჯაჭვი საკმაოდ გრძელია. პირველად ჩაუვლით დღემდე საიდუმლოებით მოცული თრიალეთის კულტურის კოლექტიურ სამარხებში აღმოჩენილ ნივთებს (სახელწოდება მომდინარეობს თბილისის სამხრეთით მდებარე ტოპონიმიდან), საიდანაც გადაინაცვლებთ ვანისა და საირხეს – კოლხეთის სამეფოს ორი მთავარი ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრის არქეოლოგიური ექსპოზიციისკენ. კოლხეთის პომპეიდ წოდებული ვანის ტაძრის კუთვნილი ბრინჯაოს ნაკეთობათა სექცია, სატირების პატარა თავებით, ბახუსის მხევლებითა და ღვთაება პანის პატარა ქანდაკებით, ადგილობრივ კულტზე ბერძნული კოლონიების ზეგავლენას ადასტურებს. გამოფენის ჯაჭვს ანტიკური იბერიის ოქრომჭედლობის არაჩვეულებრივი კოლექცია ასრულებს. აღმოსავლეთ საქართველოს, ძველი ქართლის სამეფოს სიმდიდრე საზღვარგარეთულ მუზეუმში პირველად გამოიფინა. სამკაულები, რომლებიც აქამენიდური სპარსეთისა და სტეპების სკვითთა ძვირფასეულობას მოგვაგონებენ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ იმ ფაქტს, რომ საქართველო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი კულტურების გზაგასაყარსაც წარმოადგენდა.


ტექსტი ფოტოებთან:

1. გულსაბნევი კამეით, რომელზეც ადგილობრივი დიდებულია გამოსახული, ჩვ. წელთაღრიცხვით III საუკუნე. ქვემოთ სასაფეთქლე საკიდი ახალგორის საგანძურიდან, ქრისტეს შობამდე IV საუკუნე;

2. ბრინჯაოს ქინძისთავი ორმაგი სპირალით ურბნისის ადგილმდებარეობიდან. III ათასწლეული ქრისტეს შობამდე; გვერდით: იმავე პერიოდით დათარიღებული ყანწი.