კულტურული მემკვიდრეობა
საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, რომლის ისტორია კაცობრიობის განვითარების ადრეული ხანიდან იწყება. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის არსებობის პირველი კვალი ნაქალაქარ დმანისის მიდამოებშია აღმოჩენილი და 1 800 000 წელს ითვლის. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს ხანის, ელინისტური და გვიან ანტიკური პერიოდის მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურის მატერიალური ნაშთები: ნასახლარები, ნაქალაქარები, სასახლეები, სამარხები, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, კერამიკის უნიკალური არტიფაქტები. სწორედ ეს ფაქტები მოწმობს და ადასტურებს საქართველოს მჭიდრო კავშირს როგორც ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან, ისე ირანთან და წინა აზიის სხვა ქვეყნებთან.
ხუროთმოძღვრული შემოქმედების ადრეული ნიმუშები - საცხოვრებელი, საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაშთები - გამოვლენილია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე: შულავერის გორა, ძვ. წ. V-IV ათასწლეული; ქვაცხელების ნასახლარი, ძვ. წ. III ათასწლეული; მეგალითური ნაგებობები თრიალეთში, ძვ. წ. III ათასწლეული; დოლმენები აფხაზეთში, ძვ. წ. III-II ათასწლეუელები; ციკლოპური წყობის აბულის ციხე ჯავახეთში, ძვ.წ. II-I ათასწლეულები და მრავალი სხვ.
ძველი დროის ქართული სახელმწიფოების (კოლხეთი, იბერია) ისტორიის შესწავლისათვის უმდიდრეს მასალას იძლევა კოლხური, მტკვარ-არაქსისა და თრიალეთური კულტურების როგორც ხუროთმოძღვრული, ასავე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, სამაროვნები, ყოფითი და საომარი იარაღი და ნივთები, რომლებიც ადასტურებს საქართველოს მაღალი განვითარების თვითმყოფად, შემოქმედბით ტრადიციებ ს., ასევე მჭიდრო კულტურულ კავშირებს ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებთან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ელინისტური ხანის ნაქალაქარები: ვანი, არქეოპოლისი, კლდეში ნაკვეთი სატაძრო ქალაქი უფლისციხე, არმაზისხევი-ბაგინეთი (მცხეთა), გონიო-აფსაროსის ციხე და მრავალი სხვ. ეს არქეოლოგიური ძეგლები როგორც კულტურული, ასევე სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებენ, ხოლო აღმოჩენილი ბრინჯაოს მცირე პლასტიკის ნაწარმოებები იმდროინდელ (მაგ. კოლხური ბალთები და სხვ.) ლითონმქანდაკებლობის უნიკალურ შემოქმედებით განვითრებას ადასტურებენ.
წინაქრისტიანული ხანის კულტურამ ღრმად გაიდგა ფესვები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის შემოქმედებით აზროვნებაში და კულტურული ტრადიციის მძლავრი მუხტი, თავისებური და განუმეორებელი სახე შექმნა.
შუა საუკუნეების ქრისტანულმა კულტურამ მაღალმხატვრული ძეგლები შემოგვინახა. მაღალ მთებსა და მყუდრო ხეობებში, დიდ ქალაქებსა და უღრან ტყეებში ათეულობით ათასი ეკლესია-მონასტერი და ციხე-სიმაგრეა. ამ პერიოდის სახვითი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები დაცულია ქართულ ტაძრებში, მუზეუმებში, სხვადასხვა კოლექციებსა და არქივებში.
IV ს-ის 30-იან წლებში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, საქართველოში იწყება ქრისტიანული ხელოვნების აყვავება. ქრისტიანული რწმენა მსჭვალავს შუა საუკუნეების მთელ ქართულ კულტურას. გარკვეული თვალსაზრისით, იგი გაიგივდა ეროვნულ თვითშეგნებასთან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიზანტიის იმპერიის დაცემის შედეგად საქართველო აგრესიულად განწყობილი მუსლიმური სახელმწიფოების გარემოცვაში მოექცა.
შუა საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ათასობით ეკლესია, კათედრალი თუ მონასტერი აშენდა. მათი ხუროთმოძღვრება იმეორებს მართლმადებლური ტაძრისათვის აუცილებელ სტრუქტურულ სქემას და მხატვრული თვალსაზრისით, მკაფიო ეროვნული თავისებურებებით გამოირჩევა, რაც გამოვლინდა ნაგებობათა მასალის ხასიათში, პროპორციებში, დეკორის განლაგების პრინციპში და შიდა სივრცის გააზრების თავისებურებაში. საეკლესიო ნაგებობებთან ერთად შენდებოდა ქალაქები, ციხესიმაგრეები, სასახლეები და ქარვასლები.
შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების აღმავლობის ხანაში (VI-VII და X-XII სს.) შექმნილი ნაწარმოებები მსოფლიო არქიტექტურის საგანძურს განეკუთვნება. არქიტექტურული შემოქმედების უმთავრესი სფერო იყო საეკლესიო მშენებლობა, რომელიც IV საუკუნიდან ვითარდება. ქართველი ხუროთმოძღვარნი ქრისტიანული არქიტექტურის ჩამოყალიბების სათავეებთან იდგნენ. წყაროების მიხედვით, პირველი ეკლესიები კონსტატინე იმპერატორის მიერ გამოგზავნილმა ოსტატებმა ააგე ს., თუმცა, ქართული ხუროთმოძღვრება საკუთარი განვითარების გზას დაადგა.
ქართულ საეკლესიო მშენებლობაში უპირატესობა ენიჭება თლილი ქვით ნაგებ, კამარებით გადახურულ ჯვარგუმბათოვანი ტიპის შენობა ს., თუმცა, ასევე მრავლად არის ბაზილიკები: ბოლნისის სიონი-V ს., ურბნისი-VI ს., ანჩისხატი-VI ს., ოთხთა ეკლესია-Xს., დარბაზული ტიპის ნაგებობი: ოლთისი-VI ს., დმანისი-V ს., სავანე-XI ს., მაღალაანთ ეკლესია-XII ს., ხცისი-XI ს. და სხვ.
საგულისხმოა, რომ სამეკლესიან ბაზილიკად წოდებული ტიპი, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოში გვხვდება: ზეგანი-VI ს., ნეკრესი-VII ს., გაგრის ეკლესია-VI ს., ბოლნის-ქაფანაქში-VI ს. საქართველოში ჯვარგუმაბთოვანი ტიპის ეკლესიათა შორის დიდი კომპოზიციური მრავალფეროვნებაა - ტეტრაკონქები (ძველი გავაზი,-VI ს., ნინოწმინდა- VI ს., მცხეთის ჯვარი -VII ს., ატენი- VII ს., მარტვილი-VII ს., ბანა-VII ს., დრანდა-VII ს.), ტრიკონქები (ოშკი-X ს., ბაგრატის ტაძარი-X-XI სს. მიჯნა, ალავერდი-XI ს.), თავისუფალი ჯვრის ტიპი (შიო-მღვიმე-VI ს., იდლეთი-V-VI ს., ერელაანთ საყდარი-VI ს., თელოვანი-VIII ს.), ჩაწერილი ჯვრის ტიპი (წრომი-VII ს., ბიჭვინთა-X ს., მოქვი-X ს., სამთავისი-XI ს., სვეტიცხოველი-XI ს., გელათი-XII ს., იკორთა-XII ს., პიტარეთი-XIII ს., საფარა-XIII ს., ზარზმა-XIV ს.), მრავალაფსიდიანი ეკლესიები (კუმურდო-X ს., ნიკორწმინდა-XI ს., ბოჭორმა-X ს., ტაოსკარი-X ს., კაცხი-XI ს. და სხვ.), კუპელჰალე (ვაჩნაძიანის ყველაწმინდა-VIII-IX სს.), ორგუმბათოვანი ბაზილიკა (გურჯაანის ყველაწმიდა-VIII-IX სს.), გუმბათიანი დარბაზი (წირქოლი-IX ს.) და სხვ.
საქართველოში განვითარდა აგრეთვე კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრება (დავით გარეჯის მრავალმთის მონასტრები-VI-XIX სს., ვარძია-XII-XIII ს., ვანის ქვაბები-VII-X სს. და სხვ).
ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობა ასევე მდიდარია მასალისა და დეკორის მხრივ: თლილ ქვას (ძირითადად კირქვა და ქვიშაქვა) უდავო პრიორიტეტი ენიჭება და ამავდროულად საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტეხილი ქვა, შირიმი, აგური, ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, კახეთში ტეხილ ქვას, რიყის ქვას, შირიმსა და აგურს მნიშვნელოვანი ნაგებობების ასაგებადაც იყენებდნენ.
საქართველოს თითოეულ რეგიონს მისთვის დამახასიათებელი მხატვრული „მეტყველება“ ახასიათებს. ერთიანი ქართული ხუროთმოძღვების ფარგლებში, გამოყოფენ ტაო-კლარჯულ, აფხაზურ, კახურ, იმერულ, ქართლურ, სამცხე-ჯავახურ ხუროთმოძღვრების თავისებურებებს. როგორც კომპოზიციური ტიპები, ასევე საშენი მასალა და განსაკუთრებით კი - ტაძართა დეკორი, საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა. ქვაზე კვეთილი ჩუქურთმებისა და რელიეფების სიუხვით კი X ს-ის მიწურულისა და XIII საუკუნის ნაწარმოებები გამოირჩევა. ქართული ტაძრების ფასადები მრავლად არის შემკული არა მხოლოდ ორნამენტული ჩუქურთმით, არამედ ფიგურატიული გამოსახულებებით, საეკლესიო სიუჟეტებით, ისტორიულ პირთა და მშენებლობის მომგებელთა გამოსახულებებით: ბოლნისის ტაძრის რელიეფები V ს., მცხეთის ჯვრის ტაძრის საქტიტორო რელიეფები VI-VII სს. მიჯნა, წებელდის კანკელის ფილები VI-VII სს., ხახულის ტაძრის რელიეფები X ს., ოშკის ტაძრის რელიეფები X-XI სს., ნიკორწმინდის ტაძრის რელიეფები XI ს., საფარის კანკელის რელიეფები XI ს., ანანურის ტაძრის რელიეფები XVII ს და სხვ.
მრავლად არის შემორჩენილი ქვა-ჯვარები, რომლებსაც ვოტივური დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა (ხანდისის სტელა VII ს., უდეს სტელა VII-VIIIს ს., დმანისის სტელა V ს. და სხვ). საყოველთაოდ აღიარებულია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების დამოუკიდებელი, თვითმყოფადი მხატვრული სახე, საგრძნობლად განსხვავებული მეზობელი თუ აღმოსავლეთ საქრისტიანოს სხვა ქვეყნებისაგან. ამ ეპოქის ხუროთმოძღვრებას ახასიათებს სწრაფვა ნათელი და მკაფიო კომპოზიციებისადმი; ტანწყობილი, ჩამოქნილი ფორმები, მკაფიო სილუეტები, ფორმათა კრისტალურობა, ორნამენტული დეკორის დაქვემდებარება არქიტექტურულ სტრუქტურასთან, შიდა და გარე მასების ურთიერთშესატყვისობა; კამაროვანი გადახურვები; მასალის თბილი ფერი; პეიზაჟთან ჰარმონიული შერწყმა; სივრცის კომპაქტურობა, რომელიც სიგრძეში არასდროს იჭიმება; პროპორციათა ზომიერება - არც მეტისმეტად ადის სიმაღლეში და არც ჰორიზონტალურად განირთხმება; შეფარდებითი თავშეკავებულობა მორთვისას - ყველაზე ჭარბი სამკაულიც კი არ გადასცდება ხოლმე ერთგვარ საზღვარს, სადაც იგი გადასწონიდა ტექტონიკას; სამშენებლო მასალა არასდროს განიძარცვება თავისი თვისებებისაგან (წონადობა, ფაქტურა და ა.შ.), და არც სიმძიმე და მასიურობაა ხაზგასმული; ნაგებობა გარემოსთან მიმართებაში შეხმატკბილებულია. განსაკუთრებული და გამორჩეულია შუა საუკუნეების ქართული მხატვრობაც (ფრესკები, ხატები და წიგნის ილუსტრაცია), რომელიც მრავალ შედევრს მოიცავს. მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები ჯერ კიდევ IV-V საუკუნეებიდან არის შემორჩენილი (მაგ, ბიჭვინთის მოზაიკები V ს., ძალისას აბანოების იატაკის მოზაიკები, IV-V სს.) და განსაკუთრებულ აღმავლობას XI-XIII სუკუნეებში აღწევს. ამ პერიოდში მხატვრობის სამივე დარგში იქმნება მსოფლიო დონის შედევერები, როგორიცაა: იშხნის XI ს., ხახულის X ს., ოთხთა ეკლესიის X ს., ატენის სიონის XI ს., ზემო-კრიხის XI ს., გარეჯის უდაბნოს მონასტრის XI-XIII სს., ნაკიფარის XII ს., გელათის XII ს., ყინწვისის XIII ს., ბეთანიის XII-XIII სს., იფრალის XI ს., აჭის XIII ს. და მრავალ სხვა ტაძართა მოხატულობა.
XIV-XV საუკუნებში და გვიან პერიოდშიც, მიუხედავად ძნელბედობისა და ქვეყნის პოლიტიკური დაქუცმაცებისა, იქმნება ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორცაა: უბისის ფრესკები და ხატები XIV ს., მოქვის ოთხთავის დასურათება XIV ს., ნაბახტევის ფრესკები XV ს., ქორეთისა და ბუგეულის კედლის მხატვრობა XVI ს., ალავერდის, ახალი შუამთისა და ალვანის მოხატულობები XVI ს. და მრავალი სხვ.
ქართულ მხატვრობას, იზიარებს რა მთელი სამართლმადიდებლოს სახვითი ხელოვნების ძირითად თემებს, მხატვრულ ხერხებსა და პრინციპებს, მაინც საკმაოდ გამოკვეთილი თავისთავადი სახე აქვს, რაც ვლინდება როგორც იკონოგრაფიაში (მაგ. პრიორიტეტულად ვედრების გამოსახვა ტაძართა საკურთხეველში, ანდა ძლევის ჯვარისა გუმბათებში ან თუნდაც საკმაოდ განვითარებული ადგილობრივ წმინდანთა იკონოგრაფია და სხვ.), ასევე წმინდა მხატვრულ მახასიათებლებში (კოლორიტი, ხაზის ხასიათი, კომპოზიციური სტრუქტურა და სხვ.).
საქართველოში ადრეული დროიდან იქმნებიდა და ითარგმნებოდა სასულიერო თუ საერო შინაარსის წიგნები, რომელთა დასურათება ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავ ნაწილს წარმოადგენს. ყველაზე ადრეული დასურათებელი ხელნაწერი - ადიშის ოთხთავი - IX ს-ით თარიღდება.
გვიან შუა საუკუნეების ჩათვლით არ წყდებოდა საქართველოში წიგნების შექმნა და დასურათება: ჯრუჭის ოთხთავი-X ს., ალავერდის ოთხთავი-XI ს., გელათის ოთხთავი, XII ს., ასტრონომიული ტრაქტატი XII ს., ფსალმუნნი XIII ს., ვეფხისტყაოსანი XVI ს., ვისრამიანი XVIს და მრავალი სხვა ხელნაწერი წიგნი უხვად არის ილუსტრირებული და დახვეწილი ფერწერული მინიატურებით. მრავლად არის შემონახული და დაცული ძვირფასი ქვებითა და მინანქრებით შემკული, როგორც ფერწერული, ასევე ჭედური ხატები: წილკნის ღვთისმშობლის ენკაუსტიკური ხატი IX ს., ორმოცი წამებულის ფერწერული ხატი XII ს., მთავარანგელოზთა ფერწერული ხატები სვანეთიდან XII ს., ჯვარცმის ხატი მესტიიდან XII-XIIIს ს., უბისის კარედები XIV ს. და მრავალი სხვ.
საქართველოში ლითონმქანდაკებლობას უძველესი ტრადიცები ჰქონდა და შუა საუკუნეებშიც ჭედური ხელოვნება (ხატები, საწინამძღვრო და საკურთხევლის წინამდებარე ჯვრები, ბარძიმები, სამწერლობლები, ხელნაწერთა ყდები და სხვ.) მნიშვნელოვან სიმაღლეებს აღწევს: ზარზმის ფერისცვალების ჭედური ხატი IX ს., იშხნის ჯვარი X ს., ლაკლაკიძის ჭედური ხატი XI ს., მესტიის საკურთხევლისწინამდებარე ჯვარი XI ს., ბედიის ოქროს ბარძიმი X ს., ცაგერის ღვთისმშობლის ხატი, გელათის ტონდო XI ს., ანჩისხატის კარედი XIII-XV, XVIIსს., სადგერის ჯვარი XVს და მრავალი სხვ.
ჭედურობასთან ერთად ვითარდებოდა ტიხრული მინანქრის ხელოვნება, რომლის ადრეული ნიმუშები VIII საუკუნიდან შემოგვრჩა (მარტვილის ენკოლპიუმი). ეს უნიკალური დარგი, რომელიც ერთგვარად ბიზანტიის ხელოვნების მონოპოლიად ითვლებოდა, საქართველოში უაღრესად მაღალ დონეს აღწევს., რასაც სახელგანთქმული ხახულის კარედის შემამკობელი მრავალრიცხოვანი მინანქარი მოწმობს (X-XII სს). აღსანიშნავია ისტორიულ პირთა გამოსახულებათა სიმრავლე როგორც ფერწერაში, ასევე ქვის და ლითონის პლასტიკაში, რაც გარდა საკუთრივ მხატვრული ღირებებულებისა, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მდიდარ საგანძურს მცირე ხელოვნების ნაწარმოებებიც ავსებს. უძველესი ტრადიციები აქვს კერამიკულ წარმოებას., რომელიც წინაისტორიული ხანიდან იღებს სათავეს და აქტიურად ვითარდება შუა საუკუნეებშიც.
ქართული ნაქარგობის მრავალრიცხოვანი ნიმუშები ძირითადად საეკლესიო დანიშნულებისაა (მაგ. იმერეთის გარდამოხსნა XVI ს., რუისის ეპიტრაქილი XVII ს., სიონის კრეტსაბმელი XVIII ს და მრავალი სხვ.).
ფაქტია, შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობა ძირითადად საეკლესიო ხელოვნების ნიმუშებით არის წარმოდგენილი. თუმცა, მაინც არსებობს საკმარისი მასალა სეკულარული კულტურის ისტორიის წარმოსაჩენად - საცხოვრებელი და საფორტიფიკაციო ნაგებობები.
ხიდებისა და წყალგაყვანილობის სისტემის უძველესი ნიმუშები წინაქრისტიანული და ქრისტიანული ხანიდან მოწმობს საინჟინრო საქმის მაღალი დონის არსებობას. საქართველოს დრამატულმა ისტორიამ განაპირობა ციხე-სიმაგრეების მშენებლობის ფართო მასშტაბი. თბილისის ნარიყალას, ხერთვისის, თმოგვის, გორის, არტანუჯის, ანაკოფიის ციხესიმაგრეები და სხვა მრავალი ნიმუში ქვეყნის ისტორიის კვალს ატარებს.
საცხოვრებელი სახლის უძველესი ტიპი - დარბაზი, წინაქრისტიანული ხანის ადრეული პერიოდიდან არის დამოწმებული; თავისებური სახის საცხოვრებელი ხუროთმოძღვრება განვითარდა საქართველოს მთიანეთში, სადაც სახლი უშუალოდ თავდაცვით კოშკთან არის შერწყმული, მაგ. სვანეთსა და ხევსურეთში. საცხოვრებელი და საფორტიფიკაციო ხუროთმოძღვრების ძეგლები გაცილებით მეტად ინგრეოდა და გადაკეთდებოდა ხოლმე, ამიტომ ქართული ხუროთმოძვრების წამყვან დარგად მაინც საეკლესიო არქიტექტურა რჩება.
საუკუნეების განმავლობაში ქართველი მეფეები, საეკლესიო მოღვაწეები და ფეოდალები დაუღალავად იღვწოდნენ ქართული სულიერი და კულტურული კერების დასაფუძნებლად ქვეყნის საზღვრებს გარეთ, წმინდა მიწაზე, ათონის მთაზე, ანტიოქიასა და ბულგარეთში. ეს ცენტრები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ კულტურული ურთიერთობების განვითარებაში.
ისტორიის ბედუკუღმართობამ საქართველოს ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვა ქვეყნების ფარგლებში მოაქცია. ამიტომ ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების მრავალი ბრწყინვალე ნიმუში ამჟამად ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა, მაგ. ჩრდილოეთ თურქეთში IX-XIII სს-ის გრანდიოზული ტაძრები: ოშკი, ოთხთა ეკლესია, იშხანი, ხახული, ტბეთი და სხვ.; ასევე ეკლესია-მონასტრები წმინდა მიწაზე, კვიპროსზე, ბულგარეთში და სხვ. დასავლეთ ევროპი ს., რუსეთისა და შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშიც მრავლად მოიპოვება ძველი ქართული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები, ბევრიც, ალბათ, კიდევ მისაგნები და გამოსაკვლევია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ძველი ქალაქების ურბანულ-არქიტექტურული ძეგლები - გორი, ქუთაისი, სიღნაღი და პირველყოვლისა, ძველი თბილისი. საქართველოს დედაქალაქის გარკვეული ნაწილი "ძველი ქალაქია", რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მის მომხიბვლელობასა და მიმზიდველობას. ძველ უბნებში (კალა, ისანი, სეიდაბადი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ჩუღურეთი, ვერა) შემორჩენილია როგორც ისტორიული ძეგლები (ეკლესიები, სინაგოგები, მეჩეთი, ციხე-სიმაგრე, ქარვასლები), ასევე XIX ს-ისა და XX ს-ის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. მიხვეულ-მოხვეული ქუჩების ხლართში განთავსებული და მთის ფერდობებს შეფენილი სახლები, განუმეორებელ, ერთიან, სივრცობრივ კომპოზიციას და მხატვრულ-ურბანულ მთლიანობას ქმნის, რომელშიც გამოიკვეთება ლანდშაფტისა და ურბანული გარემოს უნიკალური კავშირი. ძველი ქალაქი პოლიფუნქციური იყო - საცხოვრებელი, რელიგიური, სავაჭრო, სამრეწველო, კულტურული - და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თბილისის ევოლუციაში.
ქართული ლიტერატურა სათავეს ადრექრისტიანული ხანიდან იღებს. ქართული ორიგინალური მწერლობის ადრეული ნიმუში V საუკუნით თარიღდება. მრავალრიცხოვან სკრიპტორიუმებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ (ქართულ მონასტრებში წმ. მიწაზე, სირიაში, ათონის მთაზე) იწერებოდა და ითარგმნებოდა თეოლოგიური და ლიტურგიკული ნაწარმოებები. საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა ქართულ ისტორიულ თხზულებათა კრებული „ქართლის ცხოვრება", რომელიც საქართველოს ისტორიის ძირითად წერილობით წყაროს წარმოადგენს.
ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქართული საერო პოეზია. XII საუკუნის პოეტის, შოთა რუსთაველის ეპიკური პოემა "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო მწერლობის შედევრებს მიეკუთვნება. ქართული კულტურის მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს მუსიკა, კერძოდ, საეკლესიო საგალობლები და ხალხური სიმღერები, რომლებიც რთული პოლიფონიური ხასიათით გამოირჩევა და დღესაც აქტუალურია ქართველთა ცხოვრებაში. ქვეყნის ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში, შემონახულია მდიდარი ფოლკლორი და ხალხური რეწვის ტრადიციები.
მთლიანობაში ქართული კულტურისათვის დამახასიათებელია გახსნილობა და აქტიური ურთიერთკავშირი სხვა - ბერძნულ, რომაულ, ირანულ, ბიზანტიურ, არაბულ, რუსულ და დასავლურ კულტურებთან. ახალი ფორმებისა და იდეების თავისუფალი მიღება და საკუთარ კულტურულ ტრადიციებზე გააზრება განაპირობებს მის მაღალ მხატვრულ დონეს და მსოფლიო მნიშვნელობას. ქართველთა ეროვნული თვითშეგნება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურულ მემკვიდრეობასთან. კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის დღესაც ძლიერია საქართველოში.
ძველი კულტურა თანამედროვე აზროვნებისა და თვითშეგნების განუყოფელი ნაწილია და არ აღიქმება მხოლოდ როგორც შორეული წარსულის მოგონება. შესაბამისად, ზრუნვა კულტურულ მემკვიდრეობაზე ტრადიციულად ღრმად არის გამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში.